ჩემი პირადი ბლოგი

კონფერენციის მასალები








სსიპ დაბა ქედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების
მასწავლებელი დალი თებიძე
წარმოგიდგენთ ქედის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა მესამე კონფერენციისთვის  ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება“ საკონფერენციო თემას

გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი
ეკოლოგიური წიგნიერების
ამაღლების მიზნით 
                ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლება დღეისათვის მთელი კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანია.  ტექნოლოგიური მიღწევებითა  და ადამიანის დაუდევრობით  გამოწვეული  კლიმატური ცვლილებები, გადაშენების პირას მდგომი სახეობები, სახეშეცვლილი ეკოსისტემები, მოხშირებული მასიური ტყის ხანძრები და სხვა  ჩვენი პლანეტის აქტუალური პრობლემებია. ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლება ხელს შეუწყობს დედამიწის, როგორც ჩვენი საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას და მასზე ზრუნვის აუცილებლობის გააზრებას.                                                                                                                                                                                                                                                                  სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებულმა კვლევამ  დაადასტურა  მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონეამის ძირითად მიზეზად მიჩნეულია ამ სფეროში განათლებისა და ინფორმირებულობის დაბალი დონე, საზოგადოების დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოტივაციის ნაკლებობა. დღესდღეობით ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სასწავლო სახელმძღვანელოებში  მართალია  გათვალისწინებულია ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება, მაგრამ პედაგოგის მხრივ უფრო მეტი ძალისხმევა, მიდგომები  და აქტივობებია განსახორციელებელი. 
                     სწორედ ამ მიზნით  მე-2 კლასში ჩავატარე  სამოდელო გაკვეთილი  თემაზე ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას.“ გაკვეთილის თემიდან გამომდინარე შევარჩიე ესგ სტანდარტი:
ბუნ.II.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ  ცხოვრებაში  გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და  მათ    მნიშვნელობაზე მსჯელობა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გაიხსენოს  ტყის რესურსები და მნიშვნელობა; გაიგოს ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზები: ამოიცნოს  მათი შედეგები და ხანძრების პრევენციის    წესები   შეუსაბამოს ილუსტრაციებს.
        გამჭოლი კომპეტენციები: ეკოლოგიური წიგნიერება, გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და  პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
        თემა ითვალისწინებდა ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მაგრამ  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ილუსტრაცია, ტექსტი და აქტივობები ნაკლებად უწყობს ხელს  თითოეული მოსწავლის მოტივაციის,  ჩართულობისა და ეკოლოგიური უნარ-ჩვევების  განვითარებასა და ამაღლებას. იგივე პრობლემის წინაშე დგანან ჩემი კოლეგები. ამიტომაც  შევეცადე უფრო მრავალფეროვანი რესურსებითა  და საინტერესო  აქტივობებით გამემდიდრებინა გაკვეთილი  და ჩემი გამოცდილება მათთვის გამეზიარებინა. 
        სანამ საჩვენებელ გაკვეთილს დავგეგმავდი   ბუნების დაბინძურების , ტყის გაჩეხვის და სხვა საფრთხეების  შესახებ ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლების მიზნით წინასწარ ჩატარებულმა გაკვეთილებმა მოსწავლეებს ცოდნა გაუღრმავა.     აღნიშნული გაკვეთილი წინარე ცოდნის გააქტიურებით დავიწყე, პროექტორის საშუალებით  ვაჩვენე ტყის ელექტრონული ილუსტრაცია წარწერით ,,ტყე ჩვენი სიმდიდრეა!“. ილუსტრაციამ მიიზიდა მოსწავლეთა ინტერესი და მათი მაქსიმალური ჩართულობა გამოიწვია. მოსწავლეებმა დაასახელეს ტყის რესურსები და მნიშვნელობა ადამიანებისა და ცხოველებისათვის. მოსწავლეებს სახელმძღვანელოს ტექსტის  ნაცვლად ახალი მასალის ახსნა მივაწოდე power point-ში  ჩემ მიერ მომზადებული სლაიდ-პრეზენტაციით (http://dalitebidze2017-18.blogspot.com/. ) აქტივობა წარვმართე ინტერაქციულად, ვსვამდი სააზროვნო შეკითხვებს, რომლებზეც აქტიურად მპასუხობდნენ მოსწავლეები.  შედეგად  კარგად გაიგეს ტყის  ხანძრის ბუნებრივი და ადამიანური დაუდევრობით გაჩენის მიზეზები. განსაკუთრებულად  გავამახვილებინე ყურადღება ადამიანის გაუფრთხილებელი ქმედებებით  გამოწვეული მიზეზების შესახებ - ჩაუმქრალი სიგარეტის ნამწვი, პიკნიკის   შემდეგ ბოლომდე ჩაუმქრალი და მიტოვებული კოცონები, პლასტმასისა და მინის ბოთლები და მათი ნამსხვრევები, ტყეში დატოვებული აალებადი ნივთიერებები და არასწორად შერჩეულ ადგილას დანთებული კოცონები თუ როგორ ხდებიან ხანძრის მიზეზები და ანადგურებენ  ტყეს. აქტივობამ მოსწავლეების ინტერესი გააღრმავა, ყურადღებით  აკვირდებოდნენ ილუსტრაციებს და ითავისებდნენ ბუნების ამ პრობლემას.
      შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებად. დავალება შეიცავდა შეკითხვას : რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ტყის ხანძრებმა? შეასრულეს სავარჯიშო   ,,გააფერადე ,,მართალი“და ,,მცდარი“ პასუხები.   მოსწავლეები წყვილებში მუშაობდნენ შეთანხმებულად ,ერთმანეთს უზიარებდნენ აზრს. შედეგად უმრავლესობამ  უშეცდომოდ შეასრულა   სამუშაო, იყო მცირედი შეცდომებიც, რომლებიც აქტივობის შეფასებისას  გამოვავლინეთ და მათი   სწორი  პასუხები მოსწავლეთა ჩართულობით  შევასწორეთ.
   ერთერთ აქტივობად გამოვიყენე ჯგუფური მუშაობა. თითოეულ ჯგუფს ინსტრუქციის გაცნობის  შემდეგ დავურიგე საჭირო მასალები: დიდი ფორმატის ფურცლები, ექვსი  ბარათი ნახატებით  და მათი შესაბამისი  ხუთი ქცევის წესების ბარათი. მოსწავლეებმა ჯგუფებში იმსჯელეს, ერთმანეთთან შეთანხმებით წებოს საშუალებით განალაგეს დიდი ფორმატის ფურცლებზე ილუსტრაციები და მათ ქვემოთ განათავსეს შესაბამისი ქცევის წესები. ერთი ნახატი გამიზნულად  დავტოვე   ბარათის გარეშე. ამით მათ საშუალება მივეცი  თავად მოეფიქრებინათ და მიეწერათ ნახატიდან გამომდინარე მათ მიერ შემუშავებული ქცევის წესი, რამაც ცოტათი გაართულა დავალება, მაგრამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა  აზროვნებისა და არჩევანის თავისუფალ გამოვლენას.
        მიმაჩნია, რომ ეკოლოგიური კომპეტენციის ამაღლება მოსწავლეებში აუცილებელია  დაწყებითი საფეხურიდანვე დავიწყოთ, მათ ადრიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ დედამიწის , როგორც ჩვენი პლანეტისადმი მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.   ვფიქრობ, რომ შედეგს ნამდვილად მივაღწიე, რაც აისახა გაკვეთილზე  თითოეული მოსწავლის მოტივაციის,  ჩართულობის, ცოდნის დონის ამაღლებაში. გამოყენებულმა ელექტრონულმა რესურსებმა და საინტერესო აქტივობებმა მოსწავლეებს გაკვეთილის არცერთ ეტაპზე არ მისცა მოდუნებისა და ყურადღების გაფანტვის საშუალება. ასევე ინტერესით უსმენდნენ  და ერთვებოდნენ გაკვეთილის ბოლოს შეფასების პროცესში. ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილით ნამდვილად შევიტანე მცირედი წვლილი საზოგადოების ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლებასათვის, რაშიც დამარწმუნა გაკვეთილის შეჯამების ეტაპზე  მოსწავლეთა მიერ გაკეთებულმა დასკვნებმა და შემოთავაზებულმა აზრმა, რომ მათ მიერ შექმნილი რესურსები  უფროსკლასელების მსგავსად ფოიესა და დერეფანში გამოეფინათ და სხვებისთვისაც გაეცნოთ.  ასევე ჩემს კოლეგებსაც გაუჩნდათ სურვილი  ჩაატარონ არა მარტო მსგავსი გაკვეთილები ამ მიმართულებით, არამედ განახორციელონ  პროექტებიც. მე საშუალება მომეცა უფრო მეტი  ახალი იდეა მომესმინა და სამომავლოდ განსახორციელებლად დამეგეგმა. პედაგოგების ამგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი, მრავალფეროვანი მეთოდები, აქტივობები და ურთიერთთანამშრომლობა ნამდვილად აამაღლებს მოსწავლეების  ეკოლოგიური წიგნიერების დონეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
·         ,,კვლევა- გარემოსდაცვითი განათლების შეფასება საქართველოში“ (თბილისი 2014 წელი)http://www.eiec.gov.ge/თემები/Environmental-Education/.
·         ეროვნული სასწავლო გეგმა -ბუნებისმეტყველების სტანდარტი. http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels
·                მასწავლებლის წიგნი-http://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2017/
      


No comments:

Post a Comment